Tbilisi Logistics Center-მა მეორე A კლასის საწყობის მშენებლობა დაასრულა

2-A Class Warehosue

Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი-ს ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. კომპანია ტევადობას ზრდის. „თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა“ თბილისის გეზთან მეორე საწყობის მშენებლობა უკვე დაასრულა.

შუა დერეფანზე საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად მომატებულია, რასაც ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ წერეთელმა განაცხადა, კომპანია აქტიურადაა ჩართული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ტექნიკური ბაზისა და შესაძლებლობების გაფართოების მიზნით კომპანიამ დაასრულა მეორე საწყობის მშენებლობა თბილისის გეზთან, რომელიც უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. ასევე, 2024 წლიდან ფუნქციონირებს ამავე კომპანიის საბაჟო საწყობიც მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 12 000 ევრო პალეტს იტევს.

“მოგეხსენებათ 2024 წელს თბილისის გეზთან ჩვენ ავაშენეთ პირველი A კლასის საბაჟო საწყობი, რომელიც 6,300მ² ზე არის განთავსებული და 12,000 ევრო პალეტის დასაწყობების შესაძლებლობას გვაძლევს.

ამ ეტაპზე კი ვადაზე ადრე დასრულდა მეორე A კლასის არასაბაჟო საწყობის მშენებლობაც, რის შედეგადაც საწყობების საერთო ტევადობა 36,000 ევროპალეტამდე გაიზარდა.

კომპანიის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა მუდმივად განახლების პროცესშია და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. დამატებით საქართველოს ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც სოფელ გამარჯვებაში 20,000 კვ.მ მეტრზე თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის მშენებლობასა და მოწყობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც ლოგისტიკური მიმართულებით დღეს ჩვენ ვხვდებით არის მზაობა ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ნაწილში. სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის პროექტებით იზრდება, არა მხოლოდ, კომპანიის შესაძლებლობები, არამედ საქართველოს პოზიცია საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნა „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ წერეთელმა.